საქართველოს ეროვნულ აკადემიაში აკადემიკოს ვლადიმერ მენაბდის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართა

სესია

28 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აკადემიკოს ვლადიმერ მენაბდის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართა.

სესიის მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, ვლ. მენაბდის მოწაფეები, მკვლევრები სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ საქართველოს კულტურული ფლორის შესწავლას და წარმოაჩენენ მის მრავალფეროვან ასპექტებს.

სამეცნიერო სესიის დაწყებამდე ვლადიმერ მენაბდის ღვაწლი შეაფასა ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანმა, თინათინ სადუნიშვილმა.

თინათინ სადუნიშვილი: „მეცნიერებათა აკადემიაში აღვნიშნავთ გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს ვლადიმერ მენაბდის დაბადების 130 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიას. სესიაზე წარმოდგენილი იქნება მისი მოწაფეების და შემდგომი თაობის მკვლევარების სამეცნიერო მოხსენებები, რომლებიც  უკავშირდება საქართველოსთვის ისეთი კულტურის შესწავლას, როგორიცაა ხორბალი, ღომი და ფეტვი. ზუსტად აკადემიკოსმა მენაბდემ დაიწყო კვლევა ამ მიმართულებით და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა კულტურული ფლორის განყოფილება, რომელსაც ის გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. გამოკვლეულ იქნა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მარცვლეული პურეული კულტურები ვერტიკალლურ ზონალობასთან დაკავშირებით.  მის მიერ აღწერილი არის ხორბლის 4 და ღომის ახალი სახეობები, რომლებიც მის სახელს ატარებს. ბატონი ვლადიმერის კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მხოლოდ ქართულ ხორბლებში არის შემორჩენილი მათი ველური წინაპრების გენები, და რომ საქართველო განიხილება ხორბლის წარმოშობის ერთერთ მნიშვნელოვან ცენტრად. აკადემიკოს ვლადიმერ მენაბდის  გამოკვლევები მნიშვნელოვანია ქართული მეცნიერებისა და კულტურისთვის. 

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის, ირინე დანელია:  „დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. ვლადიმერ მენაბდე იყო ქართული ხორბლების მკვლევარი და მონოგრაფი. ქართულმა ხორბალმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარებაც. იუნესკომ დეკემბერში ქართული ხორბალი, კულტურა და ტრადიციები აღიარა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. მეცნიერებმა დღევანდელ დღემდე ცოცხლად მოიტანეს ქართული ხორბალი. მათ კოლექციები შექმნეს, შემდეგ უკვე სხვადასხვა კოლექციაში ინახებოდა ხორბლის სახეობები. დღეს თუ ქართული ხორბლის ნაირსახეობები გვაქვს, ეს პირველი მკვლევრების დამსახურებაა. ამ მხრივ ვლადიმერ მენაბდის ღვაწლი ძალიან დიდია“.

სამეცნიერო სესიის დაწყებამდე ვლადიმერ მენაბდის ღვაწლი შეაფასა ლევან უჯმაჯურიძე:  „დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. აღინიშნება ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის, ვლადიმერ მენაბდის საიუბილეო თარიღი. ეს პიროვნება განეკუთვნება იმ პლიადას, რომელსაც საფუძველი დაუდო მდიდარი აგრონომიული მემკვიდრეობის გაგრძელებას, რასაც ქართული ხორბალი ჰქვია. ეს კულტურები უწყვეტ ციკლში განაგრძობენ არსებობას ქართველებთან ერთად და ეს არის მემკვიდრეობის გაგრძელება. ხდება მათი გავრცელება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ უწყვეტობას“.

ცნობისთვის, აკედემიკოს ვლადიმერ მენაბდე გახლავთ ბოტანიკის ინსტიტუტში კულტრული ფლორის განყოფილებია დამაარსებელი და დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს პურეული მარცვლოვანების შესწავლის საქმეში. მის მიერ დადგენილია ხორბლის და ღომის ახალი სახეობები. მენაბდის მიერ გამოყვანილია ხორბლის 5 და ქერის ერთი ჯიში. 

სესია გარკვეულად ეხებოდა,  მნიშვნელოვან ფაქტს - 2025 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ  „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.