საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს სააღდგომო ქადაგება: ქრისტემ ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს "არა სასჯელად და დასასჯელად", არამედ მარადიული ცხოვრებისათვის, ეს უკვე ჩვენი შრომისა და გარჯის საქმეა

მეუფე შიო

 საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას:

"ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ თავისი სიკვდილით და მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი, დათრგუნა და განაქარვა ის, როგორც ხორციელი, ფიზიკური, ისე სულიერი სიკვდილიც.

მან ყველაფერი განამზადა ჩვენი სულის ცხონებისთვის. ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს "არა სასჯელად და დასასჯელად", არამედ მარადიული ცხოვრებისათვის. ეს არის უკვე ჩვენი შრომისა და გარჯის საქმე.

უფალი ყველას მოუწოდებს, მან მთავარი რამ გააკეთა: გაგვიხსნა ბჭენი სასუფევლისანი, მოგვიწოდებს ყველას და ამბობს: "ვისაც სურს ცხოვრებაში შესვლა, დაიცავით მცნებები" (მთ. 19, 17).

აი, ეს არის მხოლოდ ჩვენი საზრუნავი, რომ დავიცვათ მცნებები, რათა ჩვენი აღდგომა მოხდეს ჩვენი სულების გადასარჩენად.

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!" - აღნიშნა მიტროპოლიტმა შიომ სააღდგომო ქადაგებისას.