საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო

კათოლიკოს-პატრიარქმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ამა წლის 27 მაისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღო.

კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები: ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და სხვა პირები.

აშშ-ის დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და რამდენჯერმე ხაზი გაუსვეს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს საქართველოს ისტორიაში. საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და მათ საერთო ქრისტიანულ ღირებულებებს. მხარეთა მიერ კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამ ღირებულებების განმტკიცებისათვის.

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია დაპატიჟა.

სტუმრებმა მის უწმინდესობას და უნეტარესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.