სამწუხაროდ გამოვლინდა საექიმო საქმიანობის დარღვევა. მოვისმენთ ამ ექიმების მიერ ახსნა-განმარტებას, თუ რა მიზნით დანიშნეს პაციენტებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტები - ლევან რატიანი

ლევან რატიანი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნაზე, კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა, გამოვლინდა ექიმების მიერ საექიმო საქმიანობის დარღვევა.

„სამწუხაროდ გამოვლინდა ექიმების მიერ საექიმო საქმიანობის დარღვევა. კერძოდ, მედიკამენტები მიზანმიმართულად არის დანიშნული იმ პაციენტებზე, რომლებიც არ საჭიროებდნენ ამ მედიკამენტებს და ჭარბად წარიმართა სარეცეპტო ღონისძიებები.

მოვისმენთ ამ ექიმების მიერ ახსნა-განმარტებას, თუ რა მიზნით და მიზეზით დანიშნეს პაციენტებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტები. მიმაჩნია, რომ ამის შემდეგ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს“, - აღნიშნა რატიანმა.