შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1769185394
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 88 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რასაც აფასოებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა.
გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: „ჰეროინი“, ,,კოკაინი’’ „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, „გამომშრალი მარიხუანა“, ,,მორფინი’’, ,,პრეგაბალინი” და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ’’ და „ე“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის ნასამართლევი პირის მიერ), 260-ე ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო რეალიზაცია), 260 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (მარიხუანის უკანონო რეალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.