2000 ლარი ერთჯერადად ოჯახებს - ცნობილია ვის შეეხება დახმარება
1769023454
ციკლონმა „ჰარიმ“ იტალიაში ძლიერი წვიმა და ქარიშხალი გამოიწვია. ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში ამინდის გაუარესების გამო, სამაშველო სამსახურებმა სამი დღის განმავლობაში 1 650-ზე მეტი ოპერაცია განახორციელეს. ამასთან, განგაშის წითელი დონე გამოცხადდა სიცილიის გარკვეულ ნაწილში. პალერმოში რვა ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც წყალმა შენობები დატბორა.
„პრაიმტაიმი“ მესინაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, ეკა ბერიკაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა:
„ზღვასთან ახლოს ვცხოვრობ. ტალღებმა ჯებირები გადმოანგრია და ფაქტობრივად, სადარბაზოები დატბორა. რამდენიმე ქალაქიდან მოახდინეს მოსახლეობის ევაკუაცია, ფიზიკურად ვერ გაჩერდებიან, იმდენი ქვიშა და წყალია. ასევე, სანტა ტერეზაში გზა ჩაინგრა და მანქანა ჩაიტანა, დასახმარებლად წასულ სასწრაფო დახმარების მანქანას კი ტალღამ დაარტყა და კედელს შეეჯახა. სამოქალაქო დაცვის სამსახურმა, შაბათს გაგვაფრთხილა, რომ წითელი ზონა გამოცხადდებოდა. ამიტომ, სანაპიროსთან მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა საცხოვრებელი ადგილები დატოვა. ჩემი ერთ-ერთი პაციენტის რესტორანი, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა ტალღებმა. მოსახლეობა ძალიან შეშინებულია, 9-10 მეტრამდე იყო ტალღები... ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში ამინდი სტაბილურია“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ ეკა ბერიკაშვილი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დაახლოებით 150 მუნიციპალიტეტში სკოლები დაიხურა. ამ დროისთვის დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა არიან დაშავებულები. მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არსებობს.