სამი რაუნდი, რვა იდუმალი მონაწილე და ვარსკვლავური გუნდი მათ წინააღმდეგ - „იმღერე“ „რუსთავი 2“-ზე

იმღერე

სამი რაუნდი, რვა იდუმალი მონაწილე და ვარსკვლავური გუნდი მათ წინააღმდეგ.

სეზონის ყველაზე აზარტული მუსიკალური თავგადასავალი იწყება - "რუსთავი 2" ერთგულ მაყურებელს ახალ სატელევიზიო სეზონზე, კიდევ ერთ გრანდ შოუს -„იმღერეს“ უმზადებს.

სცენაზე პირველ შთაბეჭდილებას ვერ ენდობით - 3000 ლარიანი პრიზისკენ მიმავალ გზაზე მონაწილეები ვერდიქტის მოლოდინში არიან. ჟიურის ერთი, არც ისე მარტივი ამოცანა აქვს - ზუსტად გამოიცნოს ვინ დგას სცენაზე, ნამდვილი ვოკალისტი თუ გარდასახვის ნიჭიერი ოსტატი.

მეგაშოუს ჟიურის მუდმივ სამეულში - თაკო ფხაკაძე, აჩიკო სოლოღაშვილი და სალომე ბაკურაძე არიან.

პროექტში კონკურსანტები მოგონილ ან რეალურ პროფესიას მოირგებენ. მონაწილე შეიძლება ვერ მღეროდეს, მაგრამ კარგი არტისტი უნდა იყოს, რომ მისი ვოკალური შესაძლებლობები ყველამ დაიჯეროს. წინ სოლო გამოსვლები, დუეტები და საბოლოო რაუნდია. დაემსგავსე ვარსკვლავს - პროექტში კონკურსანტი ქართველი ან უცხოელი მომღერლის იმიჯით უნდა წარსდგეს.

მთავარი შოუ სწორედ იმ მომენტიდან იწყება, როდესაც ჟიურის ინტუიცია კონკურსანტების არტისტიზმს უპირისპირდება.

მუსიკალური შოუს ყველა ეპიზოდში, მაყურებელი ერთ მოწვეულ ექსპერტსაც ნახავს. პირველ გადაცემაში ამ ადგილს ავთანდილ ცქვიტინიძე და ნინო ჩხეიძე დაიკავებენ. ექსპერტები ჟიურის წევრებს იდუმალი მონაწილის გამოცნობაში დაეხმარებიან.

შოუს წამყვანი, "რუსთავი 2-ის" მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი სახე თიკა ფაცაციაა. შოუს მიმდინარეობისას მუსიკალურ ნომრებს ჟიურის წევრები და წამყვანიც არ მოაკლებს მაყურებელს.

დიდი მუსიკალური დღესასწაული სტარტს დღეიდან აიღებს. მაყურებელი არაერთი აღმოჩენის მოწმე გახდება. "რუსთავი 2" კი ტრადიციას არ ღალატობს, არხი, სადაც არაერთი ვარსკვლავი დაიბადა, კვლავ ტალანტების ძიებაშია.

თავსატეხებით სავსე პროექტი არხზე ყოველ პარასკევს კურიერის დასრულებისთანავე დაიწყება. ასე რომ დაელოდეთ "იმღერეს" და იპოვეთ პასუხი მთავარ კითხვაზე "ვინ მღერის და ვინ არა".

მაყურებელი "რუსთავი 2 - ზე" გრანდ შოუს დღეიდან იხილავს. ყველაზე მუსიკალური და მხიარული შოუ, ამავდროულად აზარტულიც არის.