სახელმწიფო ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებას აგრძელებს

სოფლის განვითარების სააგენტო

სოფლის განვითარების სააგენტო ახალი შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების შექმნის ფინანსურ მხარდაჭერას „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში წელსაც ახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შეადგენს პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 350,000 ლარს; თანამონაწილეობის თანხა შესაძლოა წარმოადგენდეს, როგორც საკუთარი სახსრებს, ასევე აგროკრედიტს/ლიზინგს.

პროექტი ითვალისწინებს დამატებით შეღავათებს იმ შემთხვევებში, თუ შემნახველი საწარმო აშენდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე, თუ საწარმოს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი შექმნის. აღნიშნულ შემთხვევებში თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 350,000 ლარით.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის, დაწყებიდან დღემდე, 126,7 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 270 გადამმუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა, მათ შორის, 160 შემნახველი საწარმოს შექმნა - 75,7 მლნ ლარით.პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე rda.gov.ge