სად იმყოფება ექიმი, რომლის სახლშიც გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს

კორპუსი

ექიმი-თერაპევტი, რომელიც სკანდალში სახლიდან გასული არასასიამოვნო სუნის გამო გაეხვა, შვებულებაში გავიდა. როგორც კლინიკაში „პრაიმ თაიმს“ უთხრეს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ „მედისონში“ იყო მისული, თუმცა დასვენება გადაწყვიტა.

თერაპევტის ძმის განცხადებით, ერთ-ერთ ტელევიზიაში გასული სიუჟეტის შემდეგ, მისი და ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, თუმცა მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, განცხადებას აუცილებლად გააკეთებს.

ექიმის კოლეგები მიიჩნევენ, რომ ქალს ბოდიში უნდა მოუხადონ, რადგან კანიბალიზმთან მას არანაირი კავშირი არ აქვს.

„უკვე გაირკვა, იყო ღორის ხორცი, იმ ბინაში არ ცხოვრობდა და მაცივრის მოშლის გამო გაფუჭდა, გაჭედილა კანალიზაციაც, კარგი იქნება, თუ ექიმს ბოდიშს მოუხდიან, ამ ცილსიწამების გამო“,- ამბობს კოლეგა ექიმი ჩვენთან საუბრისას.

„პრაიმ თაიმი“ სამხარაულის ეროვნულ ბიუროსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს რომ ექსპერტიზის დასკვნა დაახლოებით 1 თვეში გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, სანზონაში ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებლებმა სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სადარბაზოში უსიამოვნო სუნი დადგა.

კორპუსში მცხოვრები მოქალაქე ამბობდა, რომ ადგილზე მისულ პოლიციელებს სახლის მეპატრონე სახლში არ უშვებდა, მათ გამოთქვეს ეჭვი, რომ შესაძლოა, კანიბალიზმის შემთხვევას ჰქონდეს ადგილი.

პოლიციამ ბინა დალუქა, გახრწნილი ხორცი კი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გადაიტანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანზონაში ექიმ თერაპევტის ბინიდან გახრწნილი ხორცის ამოღების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით დაიწყო, რაც სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს.