რატომ არ დაიშვებიან მშობლები შვილის ნათლობაზე და უნდა შევინახოთ თუ არა ნათლობის სანთელები - რას ამბობენ სასულიერო პირები

natloba

მართლმადიდებლური ონლაინჟურნალი "კარიბჭე" ნათლობასთან დაკავშირებულ გავრცელებულ კითხვებზე გვთავაზობს პასუხებს.

 

ჩემი ნათლია რამდენიმე წელია უცხოეთში წავიდა და დაიკარგა. ძალიან მაწუხებს ეს ამბავი. რა შემიძლია გავაკეთო მისთვის ან ვინ უნდა შეასრულოს ჩემთვის ნათლიის მოვალეობა?

ნათლიის მოვალეობაა ნათლულის სწორ გზაზე დაყენება და იმაზე ზრუნვა, რომ უფალს არ დაშორდეს. ასეთი მოვალეობა თქვენთვის მშობლებმა და იმ ახლობლებმაც შეიძლება შეასრულონ, რომლებიც მუდამ თქვენ გვერდით არიან. ბუნებრივია ამასვე გააკეთებს თქვენი სულიერი მამა – მოძღვარიც. შესაძლოა თქვენი ნათლია განსაცდელშიც არის და ამიტომ ვერ შეძლო ხმის მოწვდენა. გირჩევთ, ილოცოთ მისთვის.

რატომ არ დაიშვებიან მშობლები შვილის ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე?
არანაირი საეკლესიო აკრძალვა იმის შესახებ, რომ ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე ბავშვის მშობლები არ დაიშვებიან, არ არსებობს.

თუ მშობელს სურვილი აქვს შვილის სულიერ დაბადებას დაესწროს, მას ამაში ხელს არავინ შეუშლის. მაგრამ თუ დედა ნამშობიარევია და მშობიარობიდან 40 დღე არ არის გასული, იგი ვერ დაესწრება ნათლობის საიდუმლოს, რადგანაც საეკლესიო წესის თანახმად, ქალს მშობიარობის მე-40 დღეს, ეკლესიაში, მოძღვრის მიერ უნდა წაეკითხოს ლოცვები, მანამ კი მას ეკლესიაში შესვლის უფლება არა აქვს. ასევე, დედათა წესის დროს, რადგანაც ამ შემთხვევაშიც ქალის საეკლესიო საიდუმლოებებზე დასწრება დაუშვებელია.

უკავშირდება თუ არა ნათლობისა და ჯვრისწერის სანთლების დიდხანს შენახვა საეკლესიო წესს. რა ვუყოთ მათ?ასეთი სანთლების შენახვა საეკლესიო წესს არ უკავშირდება. ეს მხოლოდ ლამაზი ტრადიციაა. ამ სანთლებს ნათლობისა და ჯვრისწერის დღესასწაულის მოსაგონებლად ინახავენ და ცდილობენ, ასეთივე ლამაზ დღეებში აანთონ. მაგალითად, როცა ბავშვი დაიბადება, ან "ვერცხლისა" და "ოქროს" ქორწილს აღნიშნავენ… თქვენც შეგიძლიათ ასე მოიქცეთ, ან სულაც მაშინ აანთოთ, როცა ამის სურვილი გაგიჩნდებათ.