გერმანიის საელჩო: სტრასბურგის გადაწყვეტილება სამართლიანობის, ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, გერმანია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

გერმანიის საელჩო

მივესალმებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას: რუსეთმა საქართველოს 253 მილიონ ევროზე მეტი უნდა გადაუხადოს კომპენსაციის სახით 2008 წლის ომის დროს და მის შემდეგ ათასობით მსხვერპლისთვის მიყენებული ზიანის გამო, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც საელჩო წერს, ეს გადაწყვეტილება სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ის ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობას ჩადენილ უსამართლობაზე. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების მთელ სისტემას, მათ შორის ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას, უკანონო დაკავებებს და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. გერმანია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უცვლელ და ურყევ მხარდაჭერას“, – წერს გერმანიის საელჩო.

2008 წლის ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე საქართველოს სასარგებლოდ რუსეთს 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.