LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
ტრაგედია ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე - სოფელ წკერესში ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ ხუთი ადამიანი მოჰყვა. თურქმენეთისა და ჩინეთის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, განის ერთი მოქალაქე ჯერ გუდაურის საავადმყოფოში მოათავსეს, ამჟამად კი 37 წლის დაშავებული უკვე თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მედიკოსების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"პაციენტი სამშენებლო-საგზაო სამუშაოების დროს ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოჰყვა. ამ ეტაპის მდგომარეობით, ჩვენს კლინიკაში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. ამ ეტაპის მონაცემებით, თავის, გულმკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო, ჯერჯერობით რჩება ჩვენს კლინიკაში ინტენსიური მკურნალობისა და მეთვალყურეობის ქვეშ," - აღნიშნა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა ბეჟან ხოზრევანიძემ.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. მომხდარზე დაწყებულია ძიება.