რა ვითარებაა ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში - უახლესი ინფორმაცია

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია

25 სექტემბერს, 06:22 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი, – ამის შესახებ განცხადებას  გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი.

„ღვარცოფული ნაკადის გავლის შედეგად, მდინარე დევდორკმა მდინარე თერგის მოკლევადიანი შეგუბება გამოიწვია, რის შედეგადაც წარმოიქმნა მოკლეტალღოვანი ნაკადი. სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის ჭალა-კალაპოტმა უზრუნველყო წარმოქმნილი ნაკადის უსაფრთხოდ გატარება. ხეობაში წყლის დონემ დაახლოების 4 მეტრს მიაღწია. ამასთან, საქართველოს სამხედრო გზის 134–135-ე კმ-ის მონაკვეთზე მდინარის მარჯვენა ნაპირის ეროზიამ საავტომობილო გზის დაზიანება გამოიწვია.

აღნიშნული განგაშის სისტემა მდინარე დევდორაკის ხეობაში დამონტაჟებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ და მისი ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის, რა დროსაც შესაძლებელია პროტოკოლით განსაზღვრული ქმედებების მყისიერად განხორციელება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია. სააგენტოს მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, საპატრულო პოლიციასთან, შემოსავლების სამსახურთან, სასაზღვრო პოლიციასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან და დარიალ ჰესის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით გაიცა გზის გახსნის რეკომენდაცია.დევდორაკის ხეობაში არსებული განგაშის სისტემა ოპერატიულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და მსგავსი მოვლენების განმეორების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდება სიგნალის ამოქმედება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

✕