რა საჭიროა გაზის დეტექტორი სახლში და როგორ უნდა დავამონტაჟოთ სწორად - რჩევები

გაზის დეტექტორი

ბუნებრივი აირის გაჟონვა ერთ-ერთი სერიოზული საფრთხეა, რომლის დროულად აღმოჩენაც ხშირად ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. გაზის გაჟონვის დროს დაგროვილმა აირმა შესაძლოა აფეთქება ან ხანძარი გამოიწვიოს, ხოლო არასრული წვის შედეგად წარმოქმნილმა ნახშირჟანგმა - მძიმე მოწამვლა და სიკვდილი.

გაზის დეტექტორი, ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევაში, განგაშის ხმას გამოსცემს. ის დაკავშირებულია ელექტრო სარქველთან, რომელიც, თავის მხრივ, გაზის აღმრიცხველთან არის დამონტაჟებული. როდესაც მოწყობილობა აღმოაჩენს, რომ სივრცეში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, ის მიაწვდის სიგნალს ელექტრო სარქველს, რომელიც დაიხურება და სახლში გაზის მიწოდება შეწყდება.

გაზის დეტექტორის დამონტაჟებისას ადამიანები ხშირად შეცდომებს უშვებენ და, როგორც წესი, ამ მოწყობილობისადმი ნეგატიური დამოკიდებულება სწორედ ამით არის გამოწვეული.

ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა დეტექტორის გაზქურასთან ძალიან ახლოს დამონტაჟება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მოწყობილობამ საჭმლის მძაფრი სუნი გაზის გაჟონვად აღიქვას და შედეგად ელექტრო სარქველი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს. საბოლოოდ, მოგიწევთ გაზის კომპანიასთან დაკავშირება, რათა მათი წარმომადგენლები მოვიდნენ და მიწოდება აღადგინონ.

რჩევა: მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ გაზის დეტექტორი გაზქურიდან მინიმუმ 1.5 მეტრის მანძილზე უნდა იყოს დაშორებული. ამასთან, მოწყობილობა ჭერიდან დაახლოებით 25-30 სმ-ის დაშორებით უნდა დამონტაჟდეს. თუ დეტექტორს უფრო დაბლა დააყენებთ, გაზის კომპანია, ამ პრობლემის გამოსწორებამდე, ბუნებრივი აირის მიწოდებას არ აღგიდგენთ.

ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ადამიანები გაზის დეტექტორის გამოყენებაზე უარს ამბობენ, არის ის ფაქტი, რომ მოწყობილობის გვერდით უნდა იყოს ჩამრთველი, რომელშიც კაბელი შეერთდება - ეს ყველაფერი კი ინტერიერს აფუჭებს. სინამდვილეში, ამ პრობლემის მოგვარება და მოწყობილობის ჩამრთველის გარეშე დამონტაჟებაც შესაძლებელია.

თუ დეტექტორი განგაშს გამოსცემს, არ ჩართოთ ან გამორთოთ ელექტრომოწყობილობები, არ გამოიყენოთ ღია ცეცხლი, დატოვეთ შენობა და უსაფრთხო ადგილიდან დარეკეთ 112-ზე ან გაზის საავარიო სამსახურში.

თუ გაზის დეტექტორის დაყენება გსურთ დარეკეთ „თბილისი ენერჯის“ კომპანიაში ნომერზე: 2 40 40 04. კომპანიის წარმომადგენლები თავად დაგაკვალიანებენ რა უნდა გააკეთოთ გაზის დეტექტორის დასაყენებლად.

აქვე, ცხელი ხაზი - ტექნიკური კონსულტაცია : 114

✕