პური, ხახვი, ვაშლი... - პროდუქტები, რომელიც შებერილობას იწვევს

პროდუქტები

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში „შენი დილა“ მუცლის შებერილობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე საუბრობს და განმარტავს, რა იწვევს ამ მდგომარეობას და როგორ შეიძლება მისგან გათავისუფლება.

მისი თქმით, საქართველოში მუცლის შებერილობა ბევრ ადამიანს აწუხებს. ამ დროს ნაწლავებში აირები გროვდება, რაც ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს.

როგორც ექიმი განმარტავს, ადამიანების დიდი ნაწილი გამოსავალს პირველ რიგში მედიკამენტებში ეძებს. თუმცა, თუ ნაწლავებისა და სხვა ორგანოების მხრივ რაიმე სერიოზული დარღვევა არ არის და საუბარი მხოლოდ ფუნქციურ შებერილობაზეა, პრობლემის მოგვარება ხშირად ცხოვრების წესის შეცვლითაც შესაძლებელია.

ექიმის თქმით, შებერილობის დროს ყველაზე ხშირად ორი ჯგუფის პრეპარატი გამოიყენება. პირველი არის სიმეტიკონის ჯგუფის მედიკამენტები, რომლებიც ნაწლავებში არსებული აირის ბუშტუკების ზომას ამცირებს. ამის შედეგად მცირდება შებერილობა და მასთან დაკავშირებული დისკომფორტიც. მსგავსი მოქმედება აქვს გააქტიურებულ ნახშირსაც. თუმცა, როგორც გიორგი ღოღობერიძე აღნიშნავს, ეს პრეპარატები მხოლოდ სიმპტომზე მოქმედებს და არა მიზეზზე. სწორედ ამიტომ, როგორც კი პაციენტი წამლის მიღებას შეწყვეტს, პრობლემა ხშირად ისევ ბრუნდება.

მეორე ჯგუფს მიეკუთვნება ფერმენტული დანამატები, რომლებიც საკვების მონელებას უწყობს ხელს. მათი მოქმედებით მონელების პროცესი ძირითადად წვრილ ნაწლავში სრულდება და საკვები მსხვილ ნაწლავში ნაკლებად გადადის, რაც აირების წარმოქმნას ამცირებს. თუმცა ამ შემთხვევაშიც, მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ შებერილობა შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს.

გიორგი ღოღობერიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შებერილობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა გარკვეული წესებისა და ჩვევების დაცვას მოითხოვს. მისი თქმით, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, მსგავსი პრობლემების მოგვარება უმჯობესია მედიკამენტების გარეშე, ცხოვრების წესისა და კვების ჩვევების კორექტირებით მოხდეს.

ექიმის რეკომენდაციით, ყურადღება უნდა მიექცეს კვების რეჟიმს, საკვების ხარისხსა და ორგანიზმის რეაქციას კონკრეტულ პროდუქტებზე, რადგან სწორედ ეს ფაქტორები ხშირად ხდება მუცლის შებერილობის მთავარი მიზეზი.