დიდი პაუზის შემდეგ, ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1773086964
„ქართულ ოცნებას“ არ შეუჩერებია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ეს არის ტყუილი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმ განცხადებაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, ეს განცხადება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენთვის სათამაშო საკითხი არ არის. ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ის არის ჩვენი კონსტიტუციური საგარეო პოლიტიკური მიზანი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოპოზიციური პარტიებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ასევე გარკვეული საგარეო აქტორებისთვის, ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქცა სათამაშო ინსტრუმენტად.
„ევროინტეგრაციის საკითხი იქცა ინსტრუმენტად. ჩვენთვის კი ეს ინსტრუმენტი არ არის. ეს იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანა და არის ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზანი. მაშინ როდესაც ჩვენ შევხედეთ, რომ სწორედ ამ საკითხს იყენებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, ხმამაღალი განცხადება გავაკეთეთ, რომ თქვენ ამ საკითხს ინსტრუმენტად ვერ გამოიყენებთ“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და არა მესამე ქვეყანა, ვისთანაც მოლაპარაკებებს ხსნიან.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია და თუ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, საქართველო მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვება.
„საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირში ინტეგრაცია არ გაუჩერებია. საქართველოს ხელისუფლებამ თქვა, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია. თუ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნაზე, რაც არის ევროკავშირის მხარის გადასაწყვეტი, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვართ და მოლაპარაკებების პროცესში ჩავებმებით. 2024 წლის ივნისში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი შეჩერებულიყო. პოლიტიკური დიალოგის შეჩერება ნიშნავდა იმას, რომ მოლაპარაკებებს არ გახსნიდნენ საქართველოსთან, მაშინ გვითხარით ჩვენ რა შევაჩერეთ? რა შეაჩერა „ქართულმა ოცნებამ“? შეჩერებულის შეჩერება როგორ შეიძლება? როდესაც ასეთ ბრალდებას აყენებ, რაღაც საფუძველი მაინც უნდა არსებობდეს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.