1791982740
პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან, ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
პრეზიდენტმა სვეტიცხოვლის ისტორიულ და სულიერ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცხეთა ქართული ქრისტიანული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი ადგილია.
„სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედაეკლესიის მთავარი ტაძარი და ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა. სვეტიცხოვლობა კი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სვეტიცხოვლობის დღესასწაულის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მაშინ, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.
მისი თქმით, ქრისტიანულმა რწმენამ და ქვეყნის სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების ჩამოყალიბებაში.
„დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ საწყისებს და სიღრმისეულად გავითავისოთ ისინი. ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, მშვიდობიანი თანაარსებობა და საერთო ძალისხმევა იმისათვის, რათა ჩვენს სახელმწიფოში კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქრისტიანული ღირებულებები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მიულოცა.










