პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ეკა გიგაური „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის საქმეზე სამართალდამრღვევად ცნო

ეკა გიგაური

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ეკა გიგაურის მიერ "რუსთავი 2-ის" ვებგვერდის ჟურნალისტის, თეონა გუდაბანძის "პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესახებ" საქმის შესწავლა დაასრულა.

სამსახურმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის" ხელმძღვანელი სამართალდამრღვევად ცნო და გიგაურს პოსტის "გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობისთანავე, დაუყოვნებლივ" წაშლა დაავალა.

დოკუმენტის სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია, რომ მას, სახდელის სახით, გაფრთხილება შეეფარდა.

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის" ხელმძღვანელმა, Facebook-გვერდზე თეონა გუდაბანძესთან პირადი მიმოწერის სქრინი გაასაჯაროვა, მობილურის ნომერი კი არასრულყოფილად დაფარა. გიგაურის Facebook-სტატუსს, მალევე, სოციალურ ქსელში ჟურნალისტის ბულინგი და შეურაცხყოფა მოჰყვა. პირადი ინფორმაციის საჯარო სივრციდან წაშლის თხოვნის მიუხედავად, ეკა გიგაურმა ფოტოები არ წაშალა.

ფაქტზე რეაგირების მიზნით, "რუსთავი 2-მა" პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ოქტომბერში მიმართა, საქმის განსახილველად უწყებას 2-თვიანი ვადა არ ეყო და, დეკემბერში, განცხადების განხილვა კიდევ ერთი თვით გადადო.

საბოლოო გადაწყვეტილება 26 დეკემბრით თარიღდება.