“პაციენტები ხშირად მსაყვედურობენ რატომ არ ვნიშნავ ამ თერაპიას” - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ რატომ არ ნიშნავს ფაგებს. 

"პაციენტები და კოლეგები ხშირად მეკითხებიან/მსაყვედურობენ, რატომ არ ვნიშნავ ფაგებს. ზოგადად ფაგოთერაპია ძალიან დიდი თემაა და მოკლედ ამ საკითხის ჩამოყალიბება რთულია, თუმცა შევეცდები ჩემი ძირითადი არგუმენტები მოვიყვანო:

(აქვე შეგახსენებთ, რომ ფაგი არის ვირუსი, რომელიც „კლავს“ ბაქტერიას). პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მჯერა, ფაგები მომავლის მედიცინაა და ოდესღაც აუცილებლად გახდება სტანდარტული მკურნალობის ნაწილი, მაგრამ ამჟამად მკურნალობის ეს მეთოდი ჯერ ისევ კვლევების ფაზაშია და ამიტომ მისი საყოველთაოდ გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ მიზანშეწონილი არ არის.

ფაგოთერაპიას ზოგიერთი ქვეყანა ცალკეული პროგრამების/კვლევების სახით იყენებს, თუმცა გამოყენება ძირითადად განიხილება მხოლოდ ისეთ სიტუაციებში, სადაც ითვლება, რომ ანტიბიოტიკების რესურსი ამოწურულია. ანუ გვაქვს MDR ბაქტერია (მრავლობით მედიკამენტზე რეზისტენტული) და პაციენტი არ რეაგირებს ანტიბიოტიკებზე. შესაბამისად, გამოიყენება მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების მქონე პაციენტებში ექიმის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით.

ისეთ ქვეყნებში, რომელთა მედიცინა და სამეცნიერო კვლევები სანდოა, ფაგები მკურნალობის გაიდლაინებში, როგორც სტანდარტული თერაპია, არ შედის.

ჯერ კიდევ ბევრი საკითხია ფაგოთერაპიის სფეროში დასაზუსტებელი და დამატებით კვლევებს საჭიროებს, მაგალითად, ფაგების გამოყენების დოზები და ხანგრძლივობა. ასევე დაზუსტებას საჭიროებს ფაგების სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების საკითხი.

მოკლედ, ჩვეულებრივ ამბულატორიულ პაციენტებში, ვისაც, მაგალითად, აქვს ფარინგიტი, საშარდე გზების ინფექცია და ა.შ. ფაგების დანიშვნა საერთაშორისო გაიდლაინებით არ არის გათვალისწინებული.

ისე, ძალიან მეამაყება, რომფაგების სფეროში კვლევებში ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პიონერი და ლიდერია",-წერს მაია ბუწაშვილი.