1746303287
„ერთ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა, გვითხრეს შვილიაო, ახლა მეორე გოგოც გამოჩნდა“ - რას ჰყვებიან საქართველოში დაკავებული „ისლამური სახელმწიფოს" წევრის მეზობლები

სად ცხოვრობდა განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა სიაში მყოფი, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი - "კურიერმა" რუსთავში ის საცხოვრებელი კორპუსი გადაიღო სადაც, 41 წლის ჯავედ ხუდამოვი ცხოვრობდა.
მეზობლები ადასტურებენ, რომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მათ მეზობლად დაახლოებით 2-3 წელია ცხოვრობდა შვილებთან ერთად. მეზობლების თქმითვე, 41 წლის მამაკაცს სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია არ ჰქონდა.
"ერთ გოგოსთან ცხოვრობდა, გვითხრეს, რომ შვილიაო. ახლა მეორე გოგოც გამოჩნდა და როდის ჩამოვიდა არ ვიცი. ურთიერთობა არ ჰქონდა მეზობლებთან. თითქმის სულ სახლში იყო, სად მუშაობდა, რას აკეთებდა, არ ვიცი. ბაქოდან არიანო... რუსული არ იცოდნენ ამ გოგოებმა, შეიძლება იმ კაცმაც. ურთიერთობა არ გვქონია. 2-3 წელია, რაც აქ ცხოვრობენ", - ამბობს დაკავებულის ერთ-ერთი მეზობელი.
ჯავედ ხუდამოვი საქართველოში თურქეთიდან, სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით, სხვისი პასპორტით შემოვიდა. ტერორისტული ორგანიზაციის წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ შეეფარდა. სასამართლო პროცესი გვიან ღამით დასრულდა.