1764853610
„ნუ მანიპულირებს ჩემი შვილებით, რომლებზეც არც ერთ წუთით არ უზრუნია... ნუ ატყუებს სასამართლოს“ - ლუკა კურტანიძის მეორე ცოლი სასამართლო გადაწყვეტილებას ეხმაურება
ყოფილ მეუღლეზე (ხათუნა მიქაცაძეზე) ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ელდარ (ლუკა) კურტანიძეს სასამართლომ თავისუფლების 7 თვით აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საპატიმროში ივლისის თვიდან იმყოფება, პენიტენციურ დაწესებულებაში ის დამატებით მხოლოდ 2 თვეს გაატარებს.
როგორც ელდარ (ლუკა) კურტანიძის მეორე ცოლი, ქეთევან ყველაშვილი „პრაიმ ტაიმთან“ საუბარში ამბობს, კურტანიძემ სასამართლო პროცესზე შვილებით იმანიპულირა და მოსამართლეს თავი ასე შეაცოდა.
„როგორც ვიცი, სასამართლოზე ცხარე ცრემლით იტირა. პროცესზე კურტანიძემ ახსენა, რომ მას ჰყავს ავადმყოფი დედა და 6 შვილი, რომლიდანაც 3 არასრულწლოვანია. ამის გამო ითხოვა, რომ დროულად გამოეშვათ, რათა მათზე ზრუნვა განეგრძო. ამ სამიდან 2 არასრულწლოვანი ჩემი შვილია. სანამ დაიჭერდნენ ეს ბავშვები ნოესთან გადაცემაში უარყო. მან თქვა, რომ მას ჰყავს მხოლოდ 4 შვილი.
ამიტომ, ხმამაღლა ვითხოვ - ნუ მანიპულირებს ჩემი შვილებით, რომლებზეც არც ერთ წუთით არ უზრუნია. ისეთი რთული დღეები გაგვატარა და მაშინაც არ შემოუხედავს ჩვენთვის. რამდენს ვთხოვდით და რამდენს ვეხვეწებოდით მეც და შვილებიც. მე ვიბრძოდი, რომ მისთვის სახელმწიფოს ალიმენტი დაეკისრებინათ, რომ ამით მაინც მეზრუნა ბავშვებზე. სანამ გარეთ იყო, საერთოდ არ აინტერესებდა ბავშვებს რა სჭირდებოდათ. ტყუილად ნუ ლაპარაკობს და ნუ აცოდებს თავს საზოგადოებას და ნუ ატყუებს სასამართლოს. საქმეს თუ დასჭირდა ფაქტებით შემიძლია ამის დადასტურება. ბავშვების ფართი გაყიდა და ლარი არ მიუცია მათთვის. ამ ამბის შემდეგ გადავწყვიტე, მისთვის ალიმენტის თანხა გამეზარდა. განაცხადის შეტანიდან 2 კვირაში დაიჭირეს. ალიმენტის საქმეზე ახლაც მიდის პროცესი, სადაც იმუქრება (როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა), რომ ალიმენტის დაკლებაზე შეიტანს. ბავშვების თხოვნა იქნება - მე ჩემს შვილს ველაპარაკე და მთხოვა, რომ დაგვანებოს თავი. დავიღალეთ, ძალიან დავიღალეთ“,- ამბობს ქეთევან ყველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ელდარ (ლუკა კურტანიძე) ოჯახში ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევის, ნივთის დაზიანების და დამცავი ორდერის შეუსრულებლობის ნაწილში გაამართლა.










