მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ენერგეტიკოსი, პროფესორი გია არაბიძე მოსახლეობას გაზის უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რა მარტივი ღონისძიებებით შეიძლება სახლში გაზის გაჟონვის დროულად აღმოჩენა და შესაძლო საფრთხის თავიდან აცილება.
როგორც არაბიძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა არ გადადონ გაზის სისტემის შემოწმება და ყოველწლიური მონიტორინგის დროს „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებს ბინაში შესვლის შესაძლებლობა მისცენ.
ენერგეტიკოსის განმარტებით, გაზის მილებისა და დანადგარების გადაბმის ადგილებში გაჟონვის არსებობის შემოწმება საპნიანი წყლითაც შეიძლება. თუ ზედაპირზე წასმის შემდეგ ბუშტუკები წარმოიქმნება, ეს გაზის გაჟონვაზე მიუთითებს.
გია არაბიძე ხაზს უსვამს, რომ „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლები გაზსადენ სისტემას ამოწმებენ და შემოწმების შესაბამის ოქმს ტოვებენ, თუმცა გათბობის ქვაბებისა და სხვა გაზის დანადგარების შესამოწმებლად ცალკე კვალიფიციური სპეციალისტის გამოძახებაა საჭირო.
ენერგეტიკოსი მოსახლეობას კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას აძლევს: თუ სახლიდან რამდენიმე დღით ან უფრო ხანგრძლივი პერიოდით მიდიან, აუცილებელია გაზის მთავარი სარქვლის გადაკეტვა.
მისივე თქმით, ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ გათბობისა და ცხელი წყლის დანადგარების ჩართვამდე საჭიროა მათი სპეციალისტის მიერ შემოწმება, რათა თავიდან აიცილონ გაუმართავი მოწყობილობით გამოწვეული საფრთხეები.
„ეს ორი ღონისძიება შეიძლება ძალიან სწრაფად მოგვარდეს და დაცული ვიქნებით იმით, რომ ჩვენ სახლში გაზი არ ჟონავს და არ იპარება“, – აცხადებს გია არაბიძე.
ცნობისთვის, ფონიჭალაში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. 8 საათიანი ძებნის შემდეგ, ნანგრევებიდან ერთი არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს. მოგვიანებით, ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოასვენეს. დაშავებულია 4 ადამიანი.
მომხდარი აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.
საქმეზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.