მომავალი წლიდან მარკეტებში შესაძლოა, პლასტმასში განთავსებული სასმელები აღარ გაიყიდოს

წყალი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, მარკეტებში პლასტმასში განთავსებული სასმელები არ უნდა გაიყიდოს.  ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ  გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ისაუბრა.

„სახელმწიფო ახორციელებს სურსათთან შემხებლობაში არსებული პლასტმასის ნაკეთობების მასშტაბურ რეფორმებს. შემდეგი ეტაპი შეეხება HORECA სექტორს, სასტუმროებსა და რესტორნებს, სადაც პლასტმასის ნაკეთობების გამოყენება 1-ლი ივლისიდან აიკრძალება.

ახლა ვაცხადებთ, რათა მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდეთ, თუმცა როცა ბიზნესს ვხვდებოდით, მაშინაც გავაჟღერეთ, რომ მთავრობას ეს ინიციატივა ექნებოდა შემდგომ ეტაპზე. ანუ, ეს არის კვების ობიექტები და სასტუმროები, სადაც არ უნდა მოხდეს პლასტმასში განთავსებული სასმელების გამოყენება. 

შემდეგი ეტაპი იქნება ის, რომ პლასტმასზე საერთოდ უნდა ვთქვათ უარი და მარკეტებში პლასტმასში განთავსებული სასმელები არ უნდა გაიყიდოს. ეს უნდა იყოს იმ რეგულაციების შემდეგი ნაწილი, რომელიც უკვე ხორციელდება მთავრობის მიერ. ეს იქნება სავარაუდოდ მომავალი წლის თებერვლიდან“, - თქვა სოლომონ პავლიაშვილმა.