ხიდის დაზიანების გამო, თუშეთში მოსახლეობისა და ტურისტების ნაწილი ჩარჩა

თუშეთი

ომალო-შენაქოს დამაკავშირებელი ხიდის  დაზიანების გამო, თუშეთში მოსახლეობისა და ტურისტების ნაწილი ჩარჩა.

მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, ამ დროისათვის  საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის  ვაჟა ნასყიდაშვილის განმარტებით,  ძლიერი წვიმისა და მთაში თოვლის დნობის შედეგად მომატებულმა წყალმა, ხიდთან მისასვლელი გზის მონაკვეთი გამორეცხა.

„თავად ხიდი არ უნდა იყოს დაზიანებული, ადგილზე შესაბამისი კონსტრუქციის მიტანას ვცდილობთ, იმისათვის, რომ  პრობლემა დროულად მოვაგვაროთ“, 
- თქვა ნასყიდაშვილმა. 

საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერია  პროცესში მაშველებს ჩართავს და  ადგილზე სოფლებში ჩარჩენილ პირებს უსაფრთხოდ გადაიყვანს 

ომალო-შენაქო-დიკლოს დამაკავშირებელი ხიდი,  სტიქიის შედეგად გასულ წლებში რამდენჯერმე დაზიანდა.

ხიდის სრულად აღდგენისა და რეაბილიტაციის სამუშაო გასულ წელს განხორციელდა.