"ჯვრისწერა სამებაში გვქონდა...ქალები ისეთ კომენტარებს მიწერდნენ, გაოგნებული ვიყავი..." - ექსკლუზიური ინტერვიუ თიკო ყაველაშვილთან, რომლის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

თიკო ყაველაშვილი

სოციალური ქსელი დღეს ქართველი ფიტნეს-ინსტრუქტორის თიკო ყაველაშვილის და მისი ინდოელი რჩეულის ფოტოებმა მოიცვა. თიკო მისი და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორიის შესახებ «პრაიმ ტაიმს» ესაუბრა.

- თიკო, სად გაიცანით თქვენი მეუღლე ომარი?

- ყველაზე საინტერესო და ზღაპრული ჩვენს ცხოვრებაში გაცნობის წუთები იყო. ახალი წლის ღამეს ჩემს მეგობართან შევხვდით, დუბაიდან იყო ჩამოსული და მეგობრის ოჯახში შევხვდი. იმ წამსვე გაგვიჩნდა სიყვარულის ნაპერწკალი და მას შემდეგ ერთად ვართ. გათხოვების შემდეგ დუბაიში გადავედი საცხოვრებლად. ჩემი მეუღლე აქ ავიაციაში მუშაობს, ის დიდ საავიაციო პროექტებს ხელმძღვანელობს და ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია. ომარი დედით ქართველია და ქრისტიანია. სუფთა ადამიანია და ყველაზე მეტად ამან მომხიბლა მასში. როცა შევამჩნიე ეს ყველაფერი, მივხვდი ვინ იყო ის და ისიც ანალოგიურად მიხვდა.

- საიდან არის ომარის დედა წარმოშობით?

- დედა ჰყავს გურული, კერძოდ ოზურგეთიდან. ინდოეთში არის გათხოვილი. მისთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო ქართველი რძალი. როგორც დაქალებს და დედა-შვილს ისეთი ურთიერთობა გვაქვს. როგორც დედის იმედი მაქვს, ისე მაქვს ჩემი დედამთილის იმედი ყველაფერში.

- ომარის მამა როგორ შეგხვდათ?

- ინდოეთში ომარის მამის გასაცნობად ჩავედით. ინდური ტრადიციის მიხედვით ქორწილამდე მამამ უნდა გაიცნოს რძალი და ისე მოვეწონე მეორე დღესვე გვქონდა ინდური ქორწილი. ჩვენი ბავშვობის ფილმებში და სერიალებში როგორი ქორწილებიც გვაქვს ნანახი, ზუსტად ისეთი იყო ჩვენი ინდური ქორწილი. ტრადიციული სამოსი გვეცვა. შესრულდა ტრადიციული ინდური საქორწილო ცეკვები. მოხდა ოქროების გაცვლა-გამოცვლა, სუფრა ყველაფერი ინდური ადათ-წესების დაცვით განხორციელდა. ახლა კი თბილისში გადავიხადეთ ქორწილი.

- ჯვარი დაიწერეთ?

- ჯვრისწერა სამებაში გვქონდა 25 ოქტომბერს, შემდეგ გადავიხადეთ ქორწილი. როგორც გითხარით, ახალ წელს გავიცანით ერთმანეთი, შობას და ძველით ახალ წელსაც ერთად შევხვდით. ყველაზე დიდი ნაპერწკალი სწორედ მაშინ გაჩნდა. შობის მეორე დღეს ომარი ბეჭედს არჩევდა ხელი რომ ეთხოვა ჩემთვის, მაგრამ მაშინ ეს ვერ მოახერხა. შემდეგ დუბაიში გაემგზავრა, 14 თებერვალს მე ჩავედი დუბაიში და იახტაზე რომანტიკული საღამო მომიწყო, მარტში კი ჩემს დაბადების დღეზე მთხოვა ხელი. შემდეგ გვქონდა ინდური ქორწილი, ოჯახს დავემშვიდობეთ და საცხოვრებლად გადმოვედით დუბაიში. ხშირად მიწყობს სიურპრიზებს და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. - რას საქმიანობთ თქვენ დუბაიში? - როგორც ტრენერი ისე ვმუშაობ, აქაურ ცხოვრებას რომ მოერგო სერტიფიცირება გჭირდება და ვსწავლობ. ჯერჯერობით ქართველი მოსწავლეები მყავს, რომლებიც აქ ცხოვრობენ.

- თქვენი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ ინდოელ სიძეს?

- არანაირი პრობლემა არ ჰქონია ჩემს ოჯახს. ქართველი უფროა ჩემი ქმარი ვიდრე ინდოელი და ის ყველას ერთი ნახვით შეუყვარდა.

- ქრისტიანი რომ არ ყოფილიყო ომარი, შექმნიდით მასთან ოჯახს?

- რელიგია მე ჩემი მაქვს და სხვისასაც პატივს ვცემ. თავიდანვე ვიცოდი, რომ ომარი ქრისტიანი იყო და, შესაბამისად, ამაზე არც მიფიქრია.

- თამამი დეკოლტეს გამო, სოცქსელში გაგაკრიტიკეს, რის შემდეგაც სტატუსი მიუძღვენით «კრიტიკოსებს», არ ელოდით ამ კრიტიკას?

- ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ამ კომენტარებს ასაკოვანი ადამიანები წერდნენ, რომლებმაც თავის ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიეს და ახალგაზრდებზე ანთხევენ ბოღმას. მსგავსი ქცევა ჩემთვის მიუღებელია, შეუძლიათ, ჯანსაღი კრიტიკა გამოხატონ. ჩემი ოჯახის და ქმრის პოზიციიდან გავიარე ეს ყველაფერი და მითხრეს ეს კომენტარები ვერაფერს დაგვაკლებსო. ქალები ისეთ კომენტარებს მიწერდნენ გაოგნებული ვიყავი.