1692302192
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა იწყება, ხმაური იყო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა იწყება, ხმაური იყო.
კერძოდ, მზია ამაღლობელის გულშემატკივრებსა და მანდატურის წარმომადგენლებს შორის კამათი იყო. როგორც მზია ამაღლობელის კოლეგები და გულშემატკივრები აღნიშნავენ, მათ ეზოში შესვლის და სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ.
6 აგვისტოს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
ფოტოს „ბათუმელები“ ავრცელებს.











