პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შემდგომი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, 2024 წლის გაზაფხულზე, ქალაქ თბილისში, თავის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მიწის სიღრმეში ააშენებინა სარდაფის ტიპის შენობა, რომელიც მისივე მითითებით სათბურად მოაწყვეს. ბრალდებულმა ზემოაღნიშნულ ე.წ. „სათბურის“ სახურავი შესანიღბად დაფარა მიწით, ასევე შენიღბა სარდაფში შესასვლელი კარიც. ბრალდებულმა მის მიერ შენიღბულად მოწყობილ სარდაფში 283 ქოთანში უკანონოდ დარგო და მოჰყავდა ნარკოტიკული საშუალება კანაფის შემცველი მცენარე, რასაც შემდგომი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, იღებდა ქოთნებიდან და აშრობდა.

7 ნოემბერს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბრალდებულის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთში მოწყობილ ე.წ. „სათბურში“ ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც 283 ქოთანში უკანონოდ დათესილი და მოყვანილი 16 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის შემცველი მცენარე ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ბრალდებულის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, შემდგომი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 6 პაკეტად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1459.38 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა და 15 ძირი გასაშრობად მოჭრილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1500 გრამი ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი. უკანონო რეალიზაციისთვის პირობების შესაქმნელად, ბრალდებულმა დააფასოვა ხსენებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ამასთან, ბრალდებული ზემოაღნიშნულ სარდაფში (სათბურში) ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად ინახავდა ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთებსა და ხელსაწყოებს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა), 260-ე კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 265-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.