სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდის ჩანგრევის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ჩაქუჩი

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდის ჩანგრევის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ხუთი პირიდან დაკავებულია ერთი, ოთხს კი ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი.

დაკავებული ლევან კუპატაშვილის ადვოკატმა სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაო შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და კუპატაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სამშენებლო კომპანია Akkord’-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 11.5-კილომეტრიანი მონაკვეთის და სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნულ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებას ახორციელებდა ოთხი საერთაშორისო კომპანიისგან შემდგარი ერთობლივი კონსორციუმი, რომლის ადგილზე საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი თავის მხრივ ევალებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, პროექტის მიმდინარეობისა და ხიდის მშენებლობის პერიოდში, საზედამხედველო კომპანიის არცერთი უფლებამოსილი ექსპერტი საქართველოში არ იმყოფებოდა და მშენებლობაზე საზედამხედველო ფუნქცია რეალურად არ ხორციელდებოდა, რაც ასევე ცნობილი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის.

„მიუხედავად ზემო აღნიშნულისა, საქართველოში არ მყოფი, საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი მაინც ადასტურებდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს, რასაც ასევე ხელს აწერდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.

მსგავსად შედგენილი, ყალბი აქტების საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან კუპატაშვილის მეშვეობით ადგილზე არ მყოფ საერთაშორისო ექსპერტს, თითქოსდა გაწეული მომსახურებისათვის მაინც ჩაერიცხა ანაზღაურება 1 172 539 ლარის ოდენობით, ხოლო პროექტის განმახორციელებელი კომპანია, შეუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ხიდის ჩანგრევა, თაღლითურად დაეუფლა 3 859 678 ლარს. შემდგომი აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი თანხა. საერთო ჯამში, აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი“, – აცხადებენ პროკურატურაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ლევან კუპატაშვილს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე წარედგინა, რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება სამშენებლო კომპანიის დირექტორს, პროექტის მენეჯერსა და საერთაშორისო კომპანიების ერთობლივი კონსორციუმის ჯგუფის ხელმძღვანელ-ინჟინერს, მათ ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.