Exclusive: „ბოლომდე გავთავისუფლდი სტრესებისგან, ჩემი მეორედ დაბადებაა...“ - რა ცვლილებებია ნეკა დოროყაშვილის ცხოვრებაში

ნეკა დოროყაშვილი

მას შემდეგ, რაც ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის კონფლიქტი მათი სახლის ზღურბლს გასცდა და სასამართლომდე მივიდა, საზოგადოებამ ახალგაზრდა ქალის შესახებ იმაზე მეტი შეიტყო, ვიდრე მანამდე იყო ცნობილი.

ულამაზესი მოდელი და ინფლუენსერი ღიად და დაუფარავად ალაპარაკდა როგორც კამერებთან, ასევე სოციალურ ქსელში. მიიღო ხალხის მხარდაჭერაც და ბულინგიც, საბოლოოდ, სასამართლოს დასრულების შემდეგ, საკუთარი თავის მეტად განვითარებისკენ აიღო გეზი.

გასულ კვირას, ნეკა ახალი ვარცხნილობით გამოჩნდა. გამომწერებს ეგონათ, რომ მან მოკლე სტილის პარიკი მოირგო და ეს მხოლოდ დროებითი იყო, რადგან რატომღაც, გრძელი თმის შეჭრას დიდი სინანული ახლავს თან და ქალები ამ ნაბიჯის გადადგას ერიდებიან ხოლმე.  თუმცა, „ახალი გოგო, ახალი ცხოვრებაო“ - დაწერა ნეკამ და „პრაიმტაიმიც“ დაინტერესდა, რა სიახლეებია მის ცხოვრებაში.

ნეკა დოროყაშვილი: - ბოლომდე გავთავისუფლდი სტრესებისგან და ჩემი მეორედ დაბადებაა. როდესაც ადამიანი სულიერად იცვლები, გინდა, რომ ეს ცვლილება გარეგნულადაც გამოხატო. ეს მომენტი არ მქონია, რომ გრძელ თმას როგორ შეველიე... პირიქით, ძალიან ბედნიერი ვიყავი. 

ჩემი ახალი დაბადება, როგორც ჩემს სულიერ, ჰარმონიულ მდგომარეობას დავარქვი, ასეთი ვარცხნილობა შეეფერება ზუსტად.

- სულიერ სიმშვიდეს და ჰარმონიას, როგორც წესი, პირადი ცხოვრებაც ხელს უწყობს. როგორც მივხვდით, სიახლეებია...

- პირადზე არ ვსაუბრობ. ახლა ჩემი ჰარმონია მხოლოდ ჩემს სულიერ მდგომარეობას ეხება. პირადზე საუბარი არ მინდა, ამ ზღვარს ძალიან ვიცავ. 

- სოციალურ ქსელში გამომწერებს რჩევებს ხშირად აძლევთ და ისინიც, სხვადასხვა სახის კითხვებით მოგმართავენ, ახლა როგორი იქნება თქვენი რჩევა, როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა იმ სულიერ სიმშვიდეს, როგორიც ახლა თქვენ გაქვთ? 

- ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა, რომ საკუთარი თავი კარგად გაიცნო და სტრესები გაუშვა. აუცილებელია, ისწავლო სტრესისა და ემოციების მართვა. მე ზოგადად, ძალიან რთულად გადავიტანე ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდებოდა, რადგან ძალიან ემოციური ვარ. რეალურად, ძალიან ბევრი ვიმუშავე, ჩემი ემოციების მართვა ვისწავლე, საკუთარი თავი კარგად გავიცანი... მივხვდი, როგორ უნდა დავბრუნებულიყავი მე. არ მომწონდა ის მდგომარეობა, რომლითაც უამრავმა ადამიანმა გამიცნო, არც ის ვიზუალი მომწონდა, რადგან ძალიან ნეგატიური კუთხით გამიცნეს. ეს ძალიან მაწუხებდა და არ მსიამოვნებდა. რეალურად, ჩემი არ იყო. 

ეს ვარცხნილობა 6 წლის ასაკში მქონდა, როცა ყველაზე დიდი ჰარმონია სუფევდა ჩემს ოჯახში. არ მქონდა სტრესები, ცუდი არაფერი ხდებოდა. იმ თმას ყველაფერი ცუდი და ნეგატიური გავატანე, დავბრუნდი 6 წლის ნეკა (იცინის). ახლა 6 წლის აღარ ვარ, მაგრამ დაახლოებით, ისეთ ჰარმონიას განვიცდი, როგორც მაშინ. 

ყველას ვურჩევ, კარგად გაიცნონ საკუთარი თავი, ისწავლონ ემოციების მართვა და თუ რამე აწუხებთ, დაიწყონ მუშაობა, როგორ გაუშვან წუხილი და დაბრუნდნენ კარგები, ეს ყველა ადამიანს შეუძლია.