1791982740
ექიმებისთვის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლასთან დაკავშირებით დადგენილი საკანონმდებლო შეზღუდვის გაუქმება იგეგმება
სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლასთან დაკავშირებით ექიმებისთვის დადგენილი საკანონმდებლო შეზღუდვის გაუქმება იგეგმება. შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს მთავრობამ მიმართა.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, პირს უფლება აქვს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით მხოლოდ ორჯერ გავიდეს. ამასთან, გამოცდებს შორის სავალდებულოა 6-თვიანი ინტერვალის დაცვა.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლის რაოდენობასა და გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალის დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვა უქმდება. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემდეგ, გამოცდის ჩატარების დადგენილი განრიგის შესაბამისად, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაში განმეორებით მიიღოს მონაწილეობა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, გამოცდაზე განმეორებით გასვლის პერიოდულობის შეზღუდვის გაუქმება პროფესიული კვალიფიკაციის შეფასების სტანდარტს არ ამცირებს და არ წარმოშობს არასათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობაზე დაშვების რისკს.
უწყების განმარტებით, როდესაც პირის პროფესიული მზაობის შემოწმება შესაძლებელია მის მიერ შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარებით, არსებული შეზღუდვა იმ ფარგლებს სცდება, რაც აუცილებელია სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის მიზნის მისაღწევად.
„საექიმო საქმიანობის სათანადო ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზანი უზრუნველყოფილია სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების სავალდებულო მოთხოვნით. პირი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას ვერ მოიპოვებს, ვიდრე იგი შესაბამის ცოდნასა და პროფესიულ კომპეტენცია გამოცდით არ დაადასტურებს. შესაბამისად, გამოცდაზე განმეორებით გასვლის პერიოდულობის შეზღუდვის გაუქმება არ ამცირებს პროფესიული კვალიფიკაციის შეფასების სტანდარტს და არ წარმოშობს არასათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობაზე დაშვების რისკს“, - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.










