დღეს ვხედავთ, როგორ იმკის პატრიარქი იმ დიდ სიყვარულს და იმ პატივისცემას, რომელსაც თვითონ უხვად გასცემდა, როგორც მზრუნველი მამა და ბრძენი მწყემსმთავარი - მამა ნიკოლოზ როინიშვილი

მამა ნიკოლოზ როინიშვილი

სიონის ტაძარში პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები გრძელდება. ილია მეორის საფლავთან ხალხის ნაკადი არ წყდება. პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სწორედ 40 დღის შემდეგ, დაიწყება მსჯელობა ახალი პატრიარქის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

"კურიერის" შეკითხვის საპასუხოდ, სასულიერო პირები განმარტავენ, რომ წმინდა სინოდმა გადაწყვეტილება არაუგვიანეს 2 თვის ვადაში, გაფართოებულ კრებაზე უნდა მიიღოს. სასულიერო პირები პატრიარქის ნებასა და 2017 წლის გადაწყვეტილებაზე მიუთითებენ, რომლის თანახმად, უწმინდესმა მიტროპოლიტი შიო მუჯირი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ სიცოცხლეშივე დაასახელა, რათა დასრულებულიყო მსჯელობა - პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით.

"დღეს ვხედავთ, როგორ იმკის პატრიარქი იმ დიდ სიყვარულს და იმ პატივისცემას, რომელსაც თვითონ უხვად გასცემდა, როგორც მზრუნველი მამა და ბრძენი მწყემსმთავარი. ადამიანებს საშუალება აქვთ დილიდან გვიანობამდე მიემთხვიონ პატრიარქის საფლავს, არ წყდება მსახურებები, მიმდინარეობს პანაშვიდები.

რაც შეეხება პატრიარქის არჩევნებს, ეს პროცედურა მკაფიოდ არის გაწერილი მართვა-გამგეობის დებულებაში და შესაბამისად, სინოდის წევრები აირჩევენ 3 კანდიდატს, რომელთა შორისაც გაფართოებულ კრებაზე მოხდება პატრიარქის არჩევა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ, მორწმუნე ერი და მთლიანად საქართველოს მოსახლეობაც, კარგი იქნება თუ სიმშვიდეს შევინარჩუნებთ და იმ ერთობას არ დავარღვევთ რაც ახლა პატრიარქის გარდაცვალებამ შექმნა.

პატრიარქის არა მარტო ამ გადაწყვეტილებას, ყველა გადაწყვეტილებას, თითოეულ სიტყვას, ყველა ეპისტოლეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჰქონდა, ერთგვარი გზამკვლევი და მიმართულების მიმცემი იყო, მით უმეტეს, როდესაც პატრიარქი მოსაყდრეს გამოირჩევს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვა, რომ მეუფე შიომ გაამართლა პატრიარქის ნდობა და მართლაც ღირსეულად წაუძღვა ამ 9 წლის განმავლობაში და თავი გაართვა თავის, როგორც მოსაყდრის მოვალეობას.

რაც შეეხება პატრიარქის დაკრძალვას, ეს მის კომპეტენციაში შედიოდა და ჩვენ ყველამ ვიხილეთ, როგორი ლამაზი და ამაღლებული იყო ეს დაკრძალვის ცერემონიალი. ისეთ ვე ლამაზი და ამაღლებული, როგორი პატრიარქიც გვყავდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტაა და თავისთავად ბევრ რამეზე მიუთითებს. მაგრამ, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა სინოდის წევრები თავისუფალნი არიან თავიანთ არჩევანში. პატრიარქის გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მათ , ჩვენს მღვდელმთავრებს აქვთ თავისუფლება, რომ მშვიდად და ლოცვით გამოირჩიონ ღირსეული მწყემსმთავარი", - განაცხადა დიდუბის ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა ნიკოლოზ როინიშვილმა.