24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1782243023
ბავშვთა ასაკში დიარეა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, თუმცა, როგორც პედიატრი ინგა მამუჩიშვილი განმარტავს, დიარეა მხოლოდ ხშირ დეფეკაციას არ ნიშნავს.
მისი თქმით, განსაკუთრებით ჩვილებში, თხელი განავალი დღეში 8-10-ჯერაც შეიძლება ნორმის ფარგლებში იყოს. დიარეად ითვლება მდგომარეობა, როდესაც განავალი უეცრად უხშირდება, ხდება უფრო წყლიანი, მოცულობით მეტი და თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, მუცლის ტკივილი, ღებინება, ტემპერატურა, მადის დაქვეითება ან გაუწყლოების ნიშნები.
პედიატრის განმარტებით, დიარეის დროს მშობლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბავშვისთვის საკვების შეწყვეტაა. გავრცელებული მოსაზრება, რომ ბავშვი მხოლოდ ჩაისა და ორცხობილაზე უნდა იყოს, თანამედროვე მედიცინის რეკომენდაციებს არ შეესაბამება.
„ბავშვს შიმშილი არ სჭირდება. პირიქით, ორგანიზმს ამ დროს ენერგია სჭირდება ნაწლავის ფუნქციის აღსადგენად,“ – აღნიშნავს ექიმი.
ინგა მამუჩიშვილი ხაზს უსვამს, რომ დიარეის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი სითხის დანაკარგის შევსებაა, რადგან ბავშვი კარგავს არა მხოლოდ წყალს, არამედ ელექტროლიტებსაც. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია ორალური რეჰიდრატაციის ხსნარების გამოყენება.
პედიატრი ასევე განმარტავს, რომ ყველა დიარეა ანტიბიოტიკით მკურნალობას არ საჭიროებს, რადგან ბავშვებში შემთხვევების დიდი ნაწილი ვირუსული წარმოშობისაა.
ექიმთან დაუყოვნებლივი მიმართვა აუცილებელია, თუ ბავშვს აქვს გაუწყლოების ნიშნები, ვერ იღებს სითხეს, აღენიშნება ძლიერი ძილიანობა, სისხლიანი განავალი, მაღალი ტემპერატურა ან ძლიერი მუცლის ტკივილი.