„ამ ვირუსმა ჩაანაცვლა გრიპი... " - ივანე ჩხაიძე ვირუსზე, რომელიც 2 წლამდე ბავშვებისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა

ვირუსი

 იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით,თებერვლიდან საქართველოში ყველაზე ხშირად ცირკულირებს ვირუსი, რომელიც 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის უფრო მეტად საყურადღებო, რადგან მას შეუძლია ბრონქების ანთება გამოიწვიოს.

 „ეს არის ვირუსი, რომელმაც ჩაანაცვლა გრიპი. თუ დეკემბრიდან დაწყებული საქართველოში ყველაზე ხშირად მიმართვიანობის განმაპირობებელი როგორც სტაციონარებში, ისე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში იყო გრიპი, კერძოდ კი, ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპი, ახლა განსაკუთრებით, თებერვლის მეორე ნახევრიდან ყველაზე ხშირად ფიქსირდება ვირუსი, რომელიც 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის უფრო მეტად საყურადღებო, ვინაიდან მას შეუძლია გამოიწვიოს წვრილი ბრონქების ანთება. ამ დაავადებას ბრონქიოლიტი ჰქვია და მისთვის დამახასიათებელია სუნთქვის მკვეთრი გახშირება, შეტევითი, ხშირი ხველა, გახშირებული და გაძნელებული სუნთქვა. ეს ყველაფერი მიმდინარეობს მსტვინავი ხასიათის სუნთქვის ფონზე. ამ დაავადების დიაგნოზის დასმა სირთულეს არ წარმოადგენს. სწორედ კლინიკური ნიშნებით არის ამ დაავადების დიაგნოსტირების შესაძლებლობა, დამატებითი კვლევები არ სჭირდება. თუ 2 წლამდე ასაკის ბავშვს ჩამოთვლილი კლინიკური ნიშნები აქვს, უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს არის ბრონქიოლიტი. შესაბამისად, მკურნალობაც და მართვაც მიდის, როგორც ბრონქიოლიტის. რთული და მძიმე მიმდინარეობა ინფიცირების ყველა შემთხვევას არ აქვს, მაგრამ პაციენტების ნაწილი საჭიროებს ჟანგბადის დამატებით მიწოდებას, გადასხმას და სითხის შევსებას. პაციენტების მცირე ნაწილს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.