ამ მანქანის მფლობელების მიმართ კონტროლი და ჯარიმები გამკაცრდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

ავტომობილი

სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ხილულად აფრქვევს მუქი ფერის გამონაბოლქვს, შემოწმდება და თუკი მავნე ნივთიერებების გაფრქვევა დასაშვებ ზღვარზე მაღალი იქნება, დაჯარიმდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ბოლო კვლევებმა გვაჩვენა, რომ განსაკუთრებით დიდი ქალაქებში, ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროს სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებები წარმოადგენენ. ეს უკავშირდება სატრანსპორტო საშუალებების მოჭარბებულ რაოდენობას, თუმცა ასევე კავშირშია სატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობასთან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გაამკაცროს მიდგომები და პასუხისმგებლობები ამ მიმართულებით. ყველა გაუმართავი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ხილულად აფრქვევს მუქი ფერის გამონაბოლქვს, ასეთი ტიპის სატრანსპორტო საშუალების მიმართ პასუხისმგებლობა გამკაცრდეს და ჩვენ დამატებითი კონტროლის მექანიზმები გვქონდეს.

2023 წლის ივნისიდან, ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ასეთი ტიპის სატრანსპორტო საშუალებები შევამოწმოთ და თუკი მავნე ნივთიერებების გაფრქვევა დასაშვებ ზღვარზე მაღალია, ასეთ შემთხვევაში კანონი გაითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს. დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით;, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

მთავრობამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რომლითაც მოწესრიგდება სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გზებზე კონტროლი და დადგენილი ნორმების გადამეტების შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხები.