ჯარიმა 5 000 ლარი იქნება... - საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
1733773711
88 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული ცეკვის ლეგენდა, ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის სახელობის ანსამბლის ყოფილი მოცეკვავე ომარ მხეიძე. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„მე ბაბუა აღარ მყავს, საქართველოს – დიდი ადამიანი. ახლა ნამდვილად ბევრს იქეიფებს თავის დიდ მეგობრებთან ერთად, ბევრს იცეკვებს, ბევრს იმღერებს…” – წერს ომარ მხეიძის შვილიშილი დეიკო მხეიძე.
ომარ მხეიძე 1935 წლის 25 აპრილს, ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში დაიბადა. მისი პირველი პედაგოგი თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში ანტონ სხირტლაძე იყო.
1953 წელს მხეიძე საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის საესტრადო ანსამბლის სოლისტი გახდა. იმავე წელს ის სუხიშვილების ანსამბლში მიიწვიეს. მისი ბიოგრაფიის ძირითადი ნაწილი ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლთანაა დაკავშირებული. 1971 წელს ომარ მხეიძეს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება მიენიჭა. მშობლიური ანსამბლი „სუხიშვილები" მან 1984 წელს დატოვა.
ომარ მხეიძე თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ხელოვნების კათედრის კონსულტანტი იყო.
მიღებული აქვს არაერთი წოდება, მათ შორის: „წლის ადამიანი" (გაზეთი "რაეო", 2005), "ქართული კულტურის ამაგდარი" (ქ. თბილისის მერია, 2009), "ქართული კულტურის რაინდი" (საქ. მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, 2013), საპატიო სიგელი "სახალხო სიყვარული", როგორც ორი საუკუნის ქართული ცეკვის ლეგენდა (საერთაშორისო ორგანიზაცია "სახალხო დიპლომატია", 2014),
„საუკუნის მოცეკვავე" (საქ. ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირი, 2014), "ხელოვნების ქურუმი" (საქ. კულტურის სამინისტრო, 2015), პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით, ფონდმა "ქართული გალობა", 2016 წლის 8 ივნისს, ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიანიჭა - "ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება".
2011 წლის 8 მარტს, ფილარმონიის წინ, ლეგენდარული ქართველი მოცეკვავის ომარ მხეიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე კი დიდ საკონცერტო დარბაზში ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით საათნახევრიანი კონცერტი გაიმართა. გამომსვლელებს შორის საღამოს მთავარი მოქმედი გმირი ომარ მხეიძეც იყო. მან ცეკვა, თავის შვილიშვილებთან ერთად შეასრულა.
1981 წელს, რეჟისორმა დევი აბაშიძემ, გადაიღო ფილმში „გამოაღეთ ფანჯრები“.
ლეგენდარული მოცეკვავე საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის საპატიო მოქალაქე ომარ მხეიძეს მწერალთა და ხელოვანთა გაზეთში - „ქიმერიონი“ დაბეჭდილ სტატიაში (2012 წლის #12) „ქართული ცეკვის გენია“ უწოდეს.
ქართული ცეკვის ლეგენდას, ომარ მხეიძეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა „საუკუნის მოცეკვავე“ უწოდა.
ლეგენდარული მოცეკვავის გარდაცვალების გამო, „პრაიმტაიმი“ თანაგრძნობას უცხადებს ომარ მხეიძის ოჯახს, კოლეგებს და საქართველოს!