აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ნომადი ბართაია

82 წლის ასაკში გარდაიცვალა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ემერიტუსი, პოეტი, მეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, მწერალი, მთარგმნელი ნომადი ბართაია. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ნომადი ბართაია 1995 წლიდან მუშაობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ სპარსული ენის ლექტორად, 2011 წლიდან აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 1991 წელს იყო საქართველოს მწერალთა კავშირის ალმანახ „ენგურის” მთავარი რედაქტორი. 2011 წლიდან - ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის განყოფილების ქართულ-სპარსულენოვან პოპულარულ ჟურნალ „კალამის” მთავარი რედაქტორი. ნომადი ბართაია არის ასამდე სამეცნიერო ნაშრომის, მრავალი წიგნისა და პოეტური კრებულის ავტორი. მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიები, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ დაჯილდოვდა შაჰრიარის კულტურის საერთაშორისო მედლით, 2019 წელს ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა პრემია „ქუჯი“. ნომადი ბართაია აღიარებულია, როგორც ქართული კულტურის დესპანი“, - ნათქვამია სამძიმრის ტექტსში.