აფთიაქებისთვის წამლების აღრიცხვა სავალდებულო ხდება - ელის თუ არა იგივე სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებს?

აღრიცხვა

აფთიაქებისთვის ფარმაცევტული პროდუქციის სერიის აღრიცხვა სავალდებულო ხდება. სახელმწიფო გარკვეულ ვალდებულებებს აწესებს, რაც მედიკამენტების უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება.

ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებს მოეთხოვებათ პროდუქტის შენახვისა და გაცემის პირობების უზრუნველყოფა, ასევე რეალიზებული პროდუქციის სერიის აღრიცხვა და აღრიცხვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის ადეკვატური წარმოება. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს 1600 ლარს.

„აფთიაქების გარკვეული ნაწილი ამ დრომდე არ იყენებდა მარაგების მართვის პროგრამას. ამ რეგულაციის შემოღების შემდგომ მოსალოდნელია, რომ ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზატორებს მოუწიოთ აფთიაქის პროდუქციის პროგრამის საშუალებით აღრიცხვა. ერთი შეხედვით, რეგულაცია დამატებით ხარჯებს წარმოშობს აფთიაქებისთვის, თუმცა ბაზარზე უკვე არის მარაგების აღრიცხვის ისეთი პროგრამები, რომლებიც ფასის მხრივ საკმაოდ ხელმისაწვდომია და ამდენად, დიდ ხარჯად არ დააწვება კომპანიას “, - აცხადებს იურისტი ლაშა გოგებაშვილი.

„ფარმაცევტული პროდუქციის აღრიცხვის კანონი უსაფრთხოების მიზნით იქნა შემოღებული. თუმცა ახლახანს გახდა ცნობილი, რომ მთავრობა აფთიაქების გარდა სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტების - კერძოდ მარკეტების მიერ ზედმეტად გაზრდილი ფასების საკითხით დაინტერესდა და დეტალურ კვლევაზე იწყებს მუშაობას. ვფიქრობ, არ არის გამორიცხული, რომ აფთიაქების შემდეგ აღრიცხვის ვალდებულება მარკეტებსაც შეექმნათ“, - ვარაუდობს გოგებაშვილი.