ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოსაყალიბებლად, NCD Alliance-ის გლობალური პროექტის ფარგლებში, სტრატეგიული გზამკვლევი შეიქმნა

ბახტურიძე

„არაგადამდებ დაავადებათა ალიანსის“ (NCD Alliance) გლობალური პროექტის ფარგლებში შეიქმნა სტრატეგიული გზამკვლევი „არაგადამდებ დაავადებათა ადვოკატირების ეროვნული დღის წესრიგი“.

დოკუმენტი, რომლის შექმნის მიზანიც უფრო სამართლიანი, მდგრადი და ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებაა,

22 იანვარს  „საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსმა“ წარადგინა.

პრეზენტაციამ ერთ სივრცეში შეკრიბა გადაწყვეტილების მიმღები პირები, სფეროს წამყვანი ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად არაგადამდები დაავადებების მქონე პაციენტები და მათი ინტერესების დამცველები.

გაიმართა ეროვნული პოლიტიკური დიალოგი, რომელიც მიეძღვნა საქართველოში არაგადამდები დაავადებების  მართვის გაუმჯობესებასა და პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მხარდაჭერას.

დიალოგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველადი ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმას. მონაწილეებმა იმსჯელეს პრევენციული, თემზე დაფუძნებული მიდგომით როგორ შეიძლება არსებული, ჰოსპიტალზე ორიენტირებული მოდელის ჩანაცვლება, რაც უზრუნველყოფს დაავადებათა ადრეულ გამოვლენას და გრძელვადიან მართვას.

დღის წესრიგის მთავარი პრიორიტეტები იყო:

• პირველადი ჯანდაცვის დონეზე არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და მართვის სრული ინტეგრაცია.

• სამედიცინო პერსონალის მუდმივი გადამზადება და რეფერირების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა.

• ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების სტაბილური დაფინანსება და ეფექტიანი საგადასახადო პოლიტიკა.

• გართულებების თავიდან ასაცილებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად დაავადებათა დროული გამოვლენა.

შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა, რომ რეფორმის წარმატება დამოკიდებულია კოორდინირებულ მუშაობაზე სახელმწიფო უწყებებს, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის. სისტემის ეფექტიანობისა და სამართლიანობის გარანტად კი აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და პაციენტების გამოცდილებაზე დაფუძნებული მონაწილეობა.

„ეს დღის წესრიგი არ არის მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტი; ეს არის ხედვა, თუ როგორ უნდა შევქმნათ ადამიანის უფლებებსა და საჭიროებებზეა დაფუძნებული სისტემა,“ — აღინიშნა შეხვედრაზე.