„28 წელია, ერთად ვართ...ამ ამბის მერე, მთელმა ქვეყანამ გაგვიცნო, არ ველოდი“ - მხიარული წყვილის ემოციური ამბავი

წყვილი მარტვილიდან

მარტვილელმა რამაზ ბერიშვილმა სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო სათაურით - "ჩემო ძვირფასო მეუღლევ, ასე ბედნიერად მყავდე 100 წელი, გილოცავ შენს დღეს". ამ ვიდეოში უდიდესი სიყვარული, სიხალისე და სითბო იგრძნობა. ალბათ სწორედ ამიტომ მოჰყვა დიდი გამოხმაურება და უამრავი პოზიტიური კომენტარი.

რამაზ ბერიშვილი და დინა ციკოლია სოფელ სალხინოში ცხოვრობენ. წყვილმა ინტერვიუ ჟურნალ „გზას“ მისცა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან

დინა: - მე და რამაზი უკვე 28 წელია, შეუღლებულები ვართ. სალხინოში მეზობელი სოფლიდან გამოვთხოვდი, 23 წლის ვიყავი მაშინ. პროფესიით ეკონომისტი ვარ, მაგრამ რაც გავთხოვდი, არსად მიმუშავია.

რამაზი:

- იცოდე, სიმართლე თქვი, როგორ შევხვდით ერთმანეთს, არაფერი მოიტყუო...

- ვიდეოზე მომიყევით: წინასწარ დაგეგმეთ გადაღება? - ჩემს შვილს, გიორგის ვუთხარი, - დღეს დედაშენის დაბადების დღისთვის ყვავილები მომაქვს, მე რომ მიყვარს, ის სიმღერა ჩართე და გადაგვიღე-მეთქი. დინამ დილით სია ჩამომიწერა და ბაზარში წავედი. პატარა ქოთნებში ლამაზი ყვავილები დავინახე. რა ღირს-მეთქი? ვიკითხე და 3 ლარიო. 12 ცალი ვიყიდე. ვიფიქრე, მეუღლეს გავახარებდი. 100-ლარიანი კი იმიტომ ჩავდე, რომ მიყვარს ეს რიცხვი. ასე პირველად კი არ მოვიქეცი, ხშირად ვჩუქნი ყვავილებს. სახლშიც ბევრი მცენარე გვაქვს. აქამდე მეზობლებისა და ნათესავების გარდა, არავინ გვიცნობდა და ახლა მთელმა ქვეყანამ გაგვიცნო, არ ველოდი... სახლში რომ მოვედი, დინა სამზარეულოში ფუსფუსებდა, არ იცოდა, თუ გვიღებდნენ. მერე გვისაყვედურა, ამას თუ აპირებდით, გეთქვათ და გამოვიპრანჭებოდი მაინცო.

დინა:

- გავიხუმრე და 100-ლარიანი უცებვე ავიღე. რა ვიცოდი, ვიდეოს თუ იღებდნენ?! რა უცებ გააქრო ფულიო! - წერდნენ კომენტარებში, არადა, იუმორით გავაკეთე. საღამოს, ვიდრე დავიძინებდი, ვნახე, უამრავი "გაზიარება" ჰქონდა. თვალები მოვიფშვნიტე, ხომ არ მეჩვენება-მეთქი?! მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის. ნამდვილად არ ველოდით ასეთ გამოხმაურებას.

რამაზი:

- წინა დღეებში ბანკში შევედი და ორმა გოგომ ყურება დამიწყო, თან რაღაცას ჩურჩულებდნენ. ოპერატორთან რომ მივედი, მასაც ჩემზე მიანიშნეს თანამშრომლებმა. ცოტა ხანს პირბადე მოიხსენითო, მთხოვეს. გამეცინა, - ნამდვილად ის კაცი ვარ-მეთქი. ვინც ვიდეო ნახა, მადლობა მათ ასეთი სითბოსთვის, ყველას მისცემოდეს ჩემი წონა ევრო. ალალი გულით მოვიქეცი და ალბათ ეს შეამჩნიეს.

დინა:

- ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვაქვს; სულ რომ არაფერი მქონდეს, მაინც სულითა და გულით ვხვდები სტუმარს. ვინც გვიცნობს, იციან ეს. მთავარია, ოჯახში სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა იყოს, ურთიერთობა ტყუილის გარეშე. როცა დავაფასებთ ერთმანეთს, სწორედ მაშინ შედგება ოჯახი.

რამაზი:

- მინდა ერთი ნატვრა ამისრულდეს, დანარჩენს ყველაფერს ჩემით მივაღწიე და მომავალშიც ასე იქნება. ემიგრაციაში რომ არიან, უცხო ქვეყნებში გადაკარგულები, შვილების, მეუღლეების, ახლობლების სიყვარული რომ აკლიათ, ყველას ვუსურვებ ოჯახებში დაბრუნებას, და კიდევ - ისეთ საქართველოს, ძველად რომ იყო, ნიკოფსიიდან დარუბანდამდის.