13 თებერვალი - რადიოს მსოფლიო დღეა

რადიო

13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა. წელს ეს დღე ხელოვნური ინტელექტის თემას ეძღვნება, სლოგანით: „ხელოვნური ინტელექტი ხელსაწყოა და არა ხმა“.

დღეს ხელოვნური ინტელექტი ახალ შესაძლებლობებს ქმნის არა მხოლოდ ინოვაციისთვის, არამედ შემოქმედებითი პროცესის გამდიდრებისა და მსმენელთან კავშირის გაღრმავებისთვის. როდესაც ხელოვნური ინტელექტი ეთიკურად და პასუხისმგებლობით გამოიყენება პროფესიონალური მსჯელობის, შემოქმედებითობის და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ღირებულებების მხარდასაჭერად, ის შესაძლოა, დამხმარე საშუალება გახდეს აუდიტორიის ნდობის გაზრდის თვალსაზრისით.

ტექნოლოგიური განვითარება საშუალებას იძლევა, რუტინული და ადმინისტრაციული საქმიანობა ავტომატიზებული იყოს და ფოკუსში მოექცეს ღირებული და მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა შემოქმედებითი საქმიანობა, ფაქტების და წყაროების გადამოწმება, მდიდარი საარქივო მასალების წარმოჩენა და ა.შ.

13 თებერვალი იუნესკო-მ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. 1946 წელს სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაერო-ს რადიო.

2025 წელს საქართველოს რადიოს 100 წელი შეუსრულდა. ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1925 წელს საქართველოში პირველი რადიომაუწყებლობა დაიწყო. მიუხედავად ტექნოლოგიების და სოციალური ქსელების განვითარებისა, რადიო დღემდე არ კარგავს თავის მსმენელს, ნიშას და აქტუალობას.

2025 წელს საქართველოს რადიომაუწყებლობის უწყვეტ ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

დღეს საქართველოს რადიოს ორი არხის სიგნალის მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შესაძლებელი – FM 102.3-ზე, საქართველოს რადიო მუსიკა კი FM 100.9-ზე მაუწყებლობს.