თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის პროცესი გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარია საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა თქვა.

"წარვადგინეთ შესავალი სიტყვა. კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ აღნიშნული საქმის განხილვა, თავისი შინაარსით, უპრეცედენტოა. მოკლედ მიმოვიხილეთ საქმეში არსებული ე.წ. მტკიცებულებები და პირადად ნიკა მელიასთან მიმართებით აღვნიშნეთ, რომ საქმეში არცერთი მტკიცებულება არ დევს, მისი საჯარო გამოსვლების გარდა," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

საქმესთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.

"დაცვამ დღევანდელ პროცესზე ასეთი გზა აირჩია - საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები იყო. მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის ფაქტი, რაც ხდებოდა ნოემბერში, დეკემბერსა და ნაწილობრივ იანვარში - ანუ დამდგარი შედეგი. ისინი იურისტები არიან და ხვდებიან, რომ ამ შედეგის წინააღმდეგ ვერ წავლენ, რადგან ფაქტის უგულებელყოფა ვერ მოხდება. თუმცა მათ ყურადღება გაამახვილეს იმაზე, ჰქონდათ თუ არა ამ პოლიტიკოსებს მიზნად დამდგარი შედეგი.

ეს არის ძირითადი მიმართულებები, რომელიც პროცესზე გამოიკვეთა. რა ტაქტიკას გამოიყენებენ მომავალში, ბუნებრივია, გამოჩნდება. იმასაც კარგად ხვდებიან, რომ პოლიტიკოსობა არ ნიშნავს იმუნიტეტს; არსებობს ქმედებები, რომელიც დანაშაულის შემცველია და პოლიტიკოსი იქნება თუ კერძო პირი, ამას მნიშვნელობა არ აქვს," - განაცხადა პროკურორმა.