შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულმა პროცესზე იტირა -„იმ დღეს, ჩემში ღმერთზე მეტი ეშმაკი იყო...“

სასამართლოში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, რაფაელ მურსაკულოვის პროცესი მიმდინარეობს. საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას რაფაელმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და იტირა.

„ბოდიშს მოვიხდი, დღემდე საერთოდ არ მისაუბრია, არც იქნებოდა სწორი რამეზე მელაპარაკა. აქ მანდილოსნები სხედან და ბოდიშს ვუხდი, ყველა მანდილოსანს. არ ვარ ასეთი ადამიანი და არ ვყოფილვარ ასეთი ადამიანი, მე ჩემი თავი იმ დღეს ვერ გავაჩერე, ალბათ, იმ დღეს, ჩემში ღმერთზე მეტი ეშმაკი იყო, როცა ამ ქვეყნის შვილი ხარ, ასე არ უნდა შეგეშალოს და მე შემეშალა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მოხდა. მე ამ ქვეყანას, ხალხს ვუხდი ბოდიშს, იმ ადამიანის ოჯახს ვუხდი ბოდიშს, ეს არის დანაკლისი, რასაც ვერ ავანაზღაურებ.

უბრალოდ, მაპატიეთ. რაც არ უნდა გამოიტანოთ განაჩენი, ხმას არ ამოვიღებ, არ გავასაჩივრებ, ბოლომდე დავდგები, ბოდიშს გიხდით. ბოდიში, ეს არ იყო დაგეგმილი, ასე მოხდა, გულწრფელად ბოდიშს ვიხდი, არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა, ყველას ბოდიშს გიხდით",- განაცხადა მურსაკულოვმა.

სხდომა განაჩენის გამოცხადების ეტაპზე, 9 მარტისთვის გადაიდო, ვინაიდან დაზარალებულის ძმას სურს პროცესს დაესწროს.