სასტიკი მკვლელობა ბორჯომში - ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

mkvleloba

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

მათივე ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 28 ოქტომბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კ.ს.-მ სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გასროლით თანასოფლელ მამაკაცს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცავებმა კ.ს. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა, 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ პრიმა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.