1746007492
საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და მასთან ერთად დაკავებული 10 პირის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და მასთან ერთად დაკავებული 10 პირის პროცესი მიმდინარეობს.
დღეს, დაცვის მხარე შესავალ სიტყვას იტყვის. ასევე გადაიხედება აღკვეთის ღონისძიება, რაც ადვოკატების შუამდგომლობაა.
მათ გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
დაცვის მხარის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, აღმკვეთი ღონისძიების გადახედვის ნაწილში განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს, რადგან, მისი განცხადებით, უკვე რამდენიმე თევა დაკავებულები დაუსაბუთებლად, უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.
"ონისე ცხადაძის ნაწილში წარვადგენ შესავალ სიტყვას. ველით, რომ შესავალი სიტყვის შემდგომ მოსამართლე განიხილავს გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხს. განსაკუთრებული მოლოდინები არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან რამდენიმე თვეა ბიჭები დაუსაბუთებლად, უკანონოდ იმყოფებიან პატიმრობაში. არ ვფიქრობ, რომ მოსამართლე დღესაც მიიღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
დაცვის მხარის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, დღეს სიტყვით ისარგებლებს დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, რომლის საპროტესტო აქციაზე დგომის მთავარი მიზანი საქართველოს მომავლის დაცვა იყო.
"შესავალ სიტყვაში, პირველ რიგში, გავამახვილებთ ყურადღებას იმ აქციებზე, რომლებიც უწყვეტად მიმდინარეობს 150 დღეზე მეტია და ვისაუბრებთ იმ განზრახვაზე, რომელიც ჰქონდა ანდრო ჭიჭინაძეს, როდესაც, თუნდაც 29 ნოემბერს, იდგა ევროპული მომავლის დასაცავად. ანდროც ისაუბრებს, ისიც თავის შესავალ სიტყვაში ახსნის რეალურ რისთვის იდგა იქ და რომ მას არავითარი განზრახვა არ ჰქონია სხვა, გარდა საქართველოს მომავლის დაცვისა", - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.