რა ჩვენება მისცა ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ გუგა და დავით კაკულიების საქმეზე და რატომ იყენებენ ძმები ამ დრომდე დუმილის უფლებას

კაკულიების საქმე

ძმებ, გუგა და დავით კაკულიების საქმეზე, ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ სასამართლოს ჩვენება მისცა.

პროცესზე დაიკითხა თვითმხილველი და გამომძიებელი, რომელმაც ძმები ორთაჭალის ნაქირავებ ბინაში დააკავა. პროკურატურამ შესავალი სიტყვა უკვე თქვა. ძმებმა ბრალთან მიმართებაში პოზიციაც დააფიქსირეს, ორივე მათგანი ამბობს, რომ დუმილის უფლებას იყენებს. ძმებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგო ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად - დანაშაულს ორივე მათგანი უარყოფს.

დღეს სასამართლო სხდომაზე დაიკითხა 4 მოწმე. გამომძიებელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ძმების კაკულიების დაკავების პროცესში, მან დეტალურად განმარტა, რომ როდესაც მივიდა ნაქირავებ ბინაში ძმებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და შეესწრო იარაღის ამოღების მომენტსაც.

"ჩხრეკის მიმდინარეობისას ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები. კერძოდ ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები, ამოღებული იქნა 2 იარაღი, ამოღებული იქნა ვაზნები, მჭიდები , ასევე ტანსაცმელი და სხვა,“-აცხადებს საქმის გამომძიებელი.

საქმეზე დაიკითხა 3 თვითმხილველი, მათგან ერთ-ერთმა ისაუბრა, რომ დაინახა რამდენიმე გასროლის შემდეგ, როგორ გარბოდა დამნაშავე ჩაფხუტით არაყიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის მიმართულებით და მას ხელში ეჭირა მაყუჩიანი იარაღი. ორმა მოწმემ კი გაიგო, თუ როგორ ითხოვდა დაჭრილი სერგო ქურთიაშვილი შველას და სწორედ ამ თვითმხილველებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარება.

„გავიგე გასროლის ხმა, როდესაც  მივუახლოვდი ფანჯარას და გავიგე ფრაზა, რომ ვიღაც ითხოვდა შველას. პირველი რაც გავაკეთე, დავრეკე სასწრაფოში, მერე უკვე გადავიხედე ფანჯრიდან და დავინახე  რომ ასფალტზე იწვა მამაკაცი, მთლიანად არ დამინახავს, მხოლოდ ფეხები დავინახე“, - აცხადებს თვითმხილველი.

სანამ მოწმეები დაიკითხებოდნენ, ძმებმა პოზიცია დააფიქსირეს ბრალთან მიმართებაში და თქვეს, რომ დუმილის უფლებას იყენებენ.