პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარების და საქართველოში მალულად შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ავტომანქანაში მოწყობილ სამალავში მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა 8 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი, რაც რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდვის მიზნით, 12 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკიდან, საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და საქართველოს საბაჟო საზღვრის გამოვლით, წესის დარღვევით გადმოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე.

აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები ამოღებული იქნა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს ტერიტორიაზე ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეხუთე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადმოტანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

✕