პოლიციამ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე 2 პირი დააკავა

ლენტა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულებსა და ერთ-ერთ მამაკაცს შორის, ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარი
დაპირისპირებისას მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ორი პირი ბრალდებულის სახით შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

✕