1794899129
„მსჯავრდებულმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია“ - სპეციალური პენიტენციურის კომენტარი ოთარ აფრიდონიძის ბრალდებაზე
სპეციალური პენიტენციური სპეკულაციას უწოდებს მსჯავრდებულ ოთარ აფრიდონიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის რამდენიმე დღეა შიმშილობს და მიუხედავად ამისა, იმყოფება საკანში სხვა მსჯავრდებულებთან, რომლებიც ჩვეულებრივად იკვებებიან და თითქოს ეს არის აფრიდონიძეზე ზეწოლა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან.
პრაიმტაიმის კითხვაზე საპასუხოდ, პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსჯავრდებულმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რადგან ოთარ აფრიდონიძემ შიმშილობა გამოაცხადა გუშინ, მედიაში მისი ინტერვიუს გავრცელების შემდეგ და არა რამდენიმე დღის წინ, როგორც ამას ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან აღნიშნავს.
დადგენილი წესის შესაბამისად, შიმშილობის გამოცხადების შემდეგ იგი მოთავსდა მოშიმშილეთათის გამოყოფილ საკანში, სადაც განთავსებულია მარტო და იმყოფება 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ.
შესაბამისად, რეალობას არ შეესაბამება მის მიერ დაწესებულების ადმინისტრაციის მისამართით გამოთქმული ბრალდება, თითქოს იგი რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა, ხოლო მისი თანამესაკნეები მის თვალწინ იკვებებოდნენ.
მას, როგორც მოშიმშილეს, დაწესებულებაში ჩაუტარდება ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
რაც შეეხება მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნას, ეს საკითხი რეგულირდება საქართველოს პენიტენციური კოდექსითა და შესაბამისი დაწესებულების დებულებით განსაზღვრული წესით და არა მხოლოდ მსჯავრდებულის პირადი სურვილის საფუძველზე.










