„ისე აგიდგათ თქვენ გვერდები“ - როგორ მიმართა ბადრი ესებუამ მოწმე პოლიციელს სასამართლო სხდომაზე

ბადრი ესებუა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესზე სხვა მოწმეებთან ერთად ის პოლიციელიც დაიკითხა, რომელიც ბადრი ესებუას ძმის სახლის ჩხრეკაში და ასევე, თავად ბადრის ესებუას დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

გიორგი ქადარიას განმარტებით, დაკავებისას ბადრი ესებუამ მათთან საუბრისას აღიარა, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ მიღებული თანხის ნაწილი დახარჯა.

მოწმის ეს განცხადება თავად ბრალდებულმა გააპროტესტა. გიორგი ქადარიას გამოკითხვის ბოლოს, ბრალდებულმა ბადრი ესებუამ სიტყვა ითხოვა.

„იმ განცხადებასთან დაკავშირებით დავუსვამ კითხვას, სადაც თქვა, ბადრიმ აღიარა და გვითხრა, რომ თანხის ნახევარი დავხარჯე, ნახევარი კი დავკარგეო. ისე აგიდგათ თქვენ გვერდები“, - ასე მიმართა ბადრი ესებუამ მოწმე გიორგი ქადარიას.

პროკურორმა მირანდა წერეთელმა ბრალდებულს კორექტული საუბრისკენ მოუწოდა. ბადრი ესებუამ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას მოწმისთვის არ შეუგინებია.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.