„გაუპატიურება არ ყოფილა...ხმამაღალი საუბარი ჰქონდათ, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაშორებას ითხოვდა...“ - ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის ადვოკატი

ადვოკატი

ბრალდებული ტელეწამყვანის ლაშა ნაკაიძის ადვოკატის, ლალი ბიბილეიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია უცვლელია, კერძოდ, ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზეც თქვა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.

„აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ფანტაზიაც არ მქონდა, რადგანაც ნამდვილად მძიმე მუხლებია. ამისთვის კანონი ითხოვს, რომ ახალი გარემოება უნდა იყოს და ჯერჯერობით მოწმეებიც არ არიან დაკითხული. თუმცა, საკმაოდ საფუძვლიანი შუამდგომლობა მქონდა. ამ შუამდგომლობის დაყენების საშუალება ექსპერტიზის დასკვნამ მომცა და უარი საქმის სირთულის გამო მეთქვა. დარწმუნებული ვარ, რომ არსებითი განხილვის დროს აღნიშნული მუხლი აღმოიფხვრება, რადგანაც გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ბიბილეიშვილმა.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, რომ საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რითაც მტკიცდება ლაშა ნაკაიძის ბრალეულობა, ადვოკატის თქმით, პროკურატურა სახელმწიფო ბრალმდებელია, რომელიც ბუნებრივია, ბრალდებას მხარს უჭერს.

ადვოკატის თქმითვე, ახლა დაზარალებულის ტელეფონის ექსპერტიზის დასკვნასაც ელოდება, რომლის კოდებსაც დაზარალებული გამოძიებას უმალავდა. მისი თქმით, ნაკაიძემ კი, საკუთარი ტელეფონი გამოძიებას გადასცა. ადვოკატის განმარტებით, ლაშა ნაკაიძეს ეს ყველაფერი დადგმული ჰგონია.

„ჩვენც ძალიან გვაინტერესებს, რას მალავს ის, ვისი შეკვეთა იყო, რა იყო, ვის ესაუბრა და რა მოხდა საერთოდ. მივიღე სასამართლო სამედიცინო დასკვნა და გამიმყარდა ჩემი რწმენა, რომ ლაშა უდანაშაულოა, თუნდაც გაუპატიურების ნაწილში. დაზარალებულმა გამოძიება შეცდომაში ძალიან ბევრჯერ შეიყვანა, ტელეფონის სხვადასხვა კოდი უთხრა, რაზეც კითხვა გვიჩნდება - რას და რატომ მალავს.

რაც შეეხება სხდომაზე ლაშა ნაკაიძის დაფიქსირებულ პოზიციას, მან იგივე პოზიცია დააფიქსირა და თქვა, რომ რაც ბრალად ედება, მას ადგილი არ ჰქონია. ხმამაღალი საუბარი ჰქონდათ და ლაშა ეუბნებოდა დავშორდეთო“, - განაცხადა ლალი ბიბილეიშვილმა.